Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა, რის შემდეგაც ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2022 წლის 26 იანვარს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით. NGC-ზე ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შეფასების დოკუმენტი, ასევე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა და ხაზი გაუსვა რიგი მიმართულებებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. თავის გამოსვლაში მან ყურადღება ასევე გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე და მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე, რაც ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

შეხვედრაზე მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, აღნიშნეს ქვეყნის წინსვლა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე და რეფორმების წარმატებით განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობა. ამავდროულად, აქცენტი გააკეთეს ქართული მხარის მიერ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე და გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა; ამასთან, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ მოხდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა - რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.