Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო-ნატოს ერთობლივი განცხადება პრესისათვის

1. დღეს საქართველომ უმასპინძლა ნატო-საქართველოს კომისიის პირველ შეხვედრას ელჩების დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო კომისიის მონაწილეობით. გადაწყვეტილება, ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების შესახებ, მიღებულ იქნა 2008 წლის 19 აგვისტოს მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, უკანასკნელი კონფლიქტის ფონზე, რათა მოახდინოს ზედამხედველობა ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესების მიმდინარეობაზე და გაუწიოს კოორდინაცია საქართველოსთვის მხარდაჭერის ზომებს, როგორც ეს შეთანხმდა მოკავშირეთა მიერ. კომისია ოფიციალურიად დაარსდა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი კონსულტაციის, გაცნობითი და გასვლითი  ხასიათის ვიზიტისას, რომელიც საბჭოს მიერ დაიგემა 2008 წლის 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მოწვევის საფუძველზე. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, არის იმ მნიშვნელობის დემონსტრირება, რომელსაც ალიანსის ანიჭებს საქართველოსთან პარტნიორობას. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვდა პრეზიდენტ საააკაშვილსა და მისი კაბინეტის წევრებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან.

2. მოკავშირეთა ელჩებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე, დაადასტურეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 27 აგვისტოს განცხადება, რომელმაც დაგმო რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთოს ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს,  როგორც აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით. მოკავშირეთა ელჩებმა კვლავ დაადასტურეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეშფოთება, რომ ამ კრიზისის დროს რუსეთის სამხედრო ქმედება არაპროპორციული იყო. მათ გაიმეორეს საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდება რუსეთისადმი, რომელიც გულისხმობდა პრეზიდენტების სააკაშვილისა და მედვედევის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებული ექვსპუნქტიანი გეგმის სრულ და დაუყოვნებლივ შესრულებას და ამავე შეთანხმების თანახმად,  მათი ძალების დაბრუნებას 2008 წლის 6 აგვისტოს არსებულ პოზიციებზე . მოკავშირეთა ელჩებმა მოუწოდეს აღნიშნული შეთანხმების სწრაფი, სრული და კეთილსინდისიერი შესრულებისაკენ, რომელიც ასევე გულისხმობს შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ახალი საერთაშორისო მექანიზმებს. ისინი მიესალმნენ მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის მიზნით. ამ კონტექსტში, მათ აღნიშნეს 2008 წლის 8 სექტემბრის დოკუმენტი, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც შეთანხმდა ევროკავშირის ლიდერებსა და რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის და ხაზი გაუსვეს შეთანხმებული ზომების დათქმულ ვადებში სრულად განხორციელების საჭიროებას, როგორც ექვს-პუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების ნაწილს. მოკავშირეთა ელჩებმა მწუხარება გამოხატეს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტისას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, კვლავ დაადასტურეს, რომ შეუძლებელია მოუგვარებელი კონფლიქტების  სამხედრო გზით გადაწყვეტა  და შეახსენეს ყველა მხარეს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა წარმოადგენს პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტის მთავარ პრინციპს.

3. ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრისას მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაცვლა საქართველოში არსებული სიტუაციასა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ. მოკავშირეთა ელჩებმა ღრმა მწუხარება გამოხატეს  საქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. ასევე, ქართულ მხარესთან მათ განიხილეს ალიანსის მიერ საქართველოსთვის კონკრეტული დახმარებების ზომები, როგორც აღნიშნულია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს განცხადებაში.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ლადო გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ მისი მიწვევის პასუხად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით ამ მძიმე პერიოდში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილა კონფლიქტის დეტალები და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 28 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები გამოაცხადა საოკუპაციო სამხედრო შენაერთებად, ხოლო საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულად. ქართული მხარე მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ ითხოვა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის, მისი წარმოშობის და ეთნიკური წმენდის შესახებ ინფორმაციის ობიექტური და სრულყოფილი საერთაშორისო გამოძიება. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები, აღებული საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარის, შუამავლობის პროცესში და კვლავ გამოხატა მადლიერება საქართველოს მხრიდან ყველა საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რომელიც ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ყველა ძალების 6 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნებას და შესრულების მონიტორინგისათვის ახალ საერთაშორისო მექანიზმზე სწრაფ გადასვლას, ორივე კონფლიქტური რეგიონის ჩათვლით, როგორც შეთანხმდა ევროპის კავშირის ლიდერებთან. პრემიერ-მინისტრმა გამოხატა საქართველოს მადლიერება ნატოს მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი მიესალმა დღეს დაარსებულ ნატო-საქართველოს კომისიას და მის პირველ სხდომას. მან გამოთქვა იმედი, რომ კომისია ხელს შეუწყობს საქართველოს, განავითაროს ნატოს მიერ ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესი და დაეხმარება საქართველოს დააჩქაროს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა ალიანსის მიერ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან მიმართებაში და გამოხატა დიდი იმედი, ამა წლის დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განაცხადზე ალიანსის პოზიტიურ  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება აქტიურად განაგრძოს დაემოკრატიული, სამართლებრივი, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები.

5. მოკავშირეთა ელჩებმა მკაფიოდ დააფიქსირეს ნატოს მტკიცე ნება, გააგრძელოს საქართველოს დახმარება მის დემოკრატიულ განვითარებასა და ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების პროგრამის განხორციელებაში. მათ აღიარეს არსებული მიღწევები და მიესალმნენ საქართველოს ძალისხმევას დემოკარატიული, სასამართლო, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების სფეროებში და  მკაფიოდ დააფიქსირეს აუცილებლობა, რათა საქართველომ, იმ მძიმე ვითარებაშიც კი, რომელშიც ის ამჟამად აღმოჩნდა, გააგრძელოს რეფორმების გაღრმავებისა და მათი შეუქცევადობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევა. ამ კონტექსტში, მოკავშირეთა ელჩები მიესალმნენ ინტენსიური დიალოგის აქტიურ გამოყენებას. მოკავშირეთა ელჩებმა მოუწოდეს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მშენებლობა. მათ ასევე გაახმოვანეს ალიანსის მადლიერება ნატოს ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

6. ორმა მხარემ ასევე ერთმანეთს გაუზიარა შეხედულებები ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც ეს შეთანხმდა მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მიერ 2008 წლის აპრილის  ნატოს ბუქარესტის სამიტზე. მოკავშირეთა ელჩები დაეყრდნენ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელშიც ნატოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურები: მიესალმნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში წევრობისთვის; შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის გაწევრიანების გზაზე; ცხადყვეს მათი მხარდაჭერა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის განაცხადისადმი; შეთანხმდნენ, დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით; სთხოვეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გააკეთონ პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე; და შეთანხმდნენ მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე განაცხადის საკითხი.

7. მოკავშირეთა ელჩები მოელიან დიალოგის გამართვას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან და აღნიშნავენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს, რომელსაც იგი ასრულებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზანთან დაახლოებაში. მოკავშირეთა ელჩები ასევე მიიღებენ მონაწილეობას პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ახალი ფონდის გახსნით ცერემონიაში და ეწვევინ გორს. ელჩებმა გამოხატეს მადლიერება გულთბილი მიღებისთვის, რომელიც მათ გაუწია საქართველოს მთავრობამ და ხალხმა.

ქ. თბილისი, 2008 წლის 15 სექტემბერი