ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა წლიური ეროვნული პროგრამის 2022 წლის შეფასების დოკუმენტზე
2023 წლის 2 თებერვალს ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის 2022 წლის შეფასების დოკუმენტი განიხილეს. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.
სხდომის ფარგლებში, ქართულმა მხარემ ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც 2022 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლის მნიშვნელობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.
შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან, ხაზი გაესვა ამ საკითხებზე რეგულარული დიალოგის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მოკავშირეების მიერ ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორის როლს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ განზომილებაზე. მოკავშირეთა მიერ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მიმოიხილეს ასევე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.
ქართულმა დელეგაციამ ნატო-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან, გენერალური მდივნის თანაშემწესთან დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში, დევიდ კატლერთან, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით ჯეიმს აპატურაისთან და ნატო-ში რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ღია სამხედრო აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.