ბრიუსელში ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
22 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, შედგა საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორისი საბჭოს (GNIC) შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (NATO PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, შეხვედრები გამართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და NATO PA-ის მაღალი რანგის პირებთან; მათ შორის, NATO PA-ის პრეზიდენტთან, ჟოელ გარიო მაილამთან, NATO PA-ის ბიუროს წევრებსა და ალიანსში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და თურქეთის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. აქცენტი გაკეთდა რეგიონში შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიასა და მის გავლენაზე საქართველოსა და ფართო შავი ზღვის რეგიონზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, აღინიშნა დეპოლარიზაციის აღმოფხვრის და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობა.
23 თებერვალს გაიმართა დელეგაციის შეხვედრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც NATO PA-ის გენერალურ მდივანთან, რუქსანდრა პოპასთან და ალიანსის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს სამხედრო ადაპტაციაზე, კიბერ უსაფრთხოებასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ასევე ალიანსის მედეგობის პოლიტიკასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ასევე შეხვდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს, ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს თომას გოფუსს და ალიანსში ბუქარესტის ცხრიანის (B9) ქვეყნების ელჩებს (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი). შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამ ფონზე საქართველოს თავდაცვითი შესძლებლობების გაძლიერების საჭიროება.