ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

nato/111111.jpgმოგესალმებით  ნატოში საქართველოს მისიის ვებ-გვერდზე.

ჩვენი მიზანია  მისიის საქმიანობასთან ერთად უკეთ წარმოვაჩინოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკა ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ფართო არჩევანია. საქართველოს მოსახლეობა მთლიანად იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს, რაც ალიანსის საფუძველს წარმოადგენს.

 ჩვენ ვდგავართ შეუქცევადი და  ყოვლისმომცველი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ სექტორში ძირეული რეფორმები გაატარა, რაც აღიარებულია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ნატოს მიერ.

1994 წლიდან საქართველო მონაწილეობს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში, ხოლო 2002 წლის ნატო-ს პრაღის სამიტზე ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ ალიანსში გაწევრიანებისაკენ ჩვენი მისწრაფების შესახებ. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი.

ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის და  პოლიტიკური კონსულტაციების ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. 2014 წლის უელსის სამიტზე ალიანსმა მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას მოემზადოს ალიანსში  გასაწევრიანებლად.

როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ დაატკიცა, რომ ერთგულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ და წარმოადგენს ალიანსის საიმედო პარტნიორს. ქართველმა სამხედროებმა, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ნატოს ოპერაციებში კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა და ცენტრალურ აფრიკაში.

აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის  საქართველოს ჰქონდა ძალების ყველაზე დიდი სამხედრო კონტიგენტით იყო წარმოდგენილი უსაფრთხოების დახმარების საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) მისიაში. ამჟამად ავღანეთში მიმდინარე ახალ, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართული სამხედრო კონტიგენტი სიდიდით მეორეა. ალიანსის ოპერაციებში ჩვენი ძალების გამოყენების მიზნით, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.

საქართველოს ინტენსიურმა მონაწილეობამ ალიანსის ოპერაციებში მნიშვნელოვნად გაზარდა მისი თავსებადობა ნატოს ძალებთან. 2014 წლის უელსის სამიტზე, საქართველოს, როგორც  ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ქვეყანას, შესთავაზეს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორების" ჯგუფში გაწევრიანება, რომელიც ჩამოყალიბდა პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის ფარგლებში.

საქართველოს მოსახლეობა აფასებს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების ე. წ.  „დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკის მიმართ ნატოს მტკიცე მხარდაჭერას.

მოგიწოდებთ ხშირად ეწვიოთ ჩვენ ვებ-გვერდს. იმედს გამოვთქვამ, რომ დაგეხმარებით სასურველი ინფორმაციის მოძიებაში როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მისიის საქმიანობის შესახებ. მივესალმებით თქვენს შენიშვნებსა და კომენტარებს.

 

 

ალექსანდრე მაისურაძე

ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი




 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ