ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

nato/111111.jpg

მოგესალმებით ნატო-ში საქართველოს მისიის ვებ-გვერდზე.

ჩვენი მიზანია მისიის საქმიანობასთან ერთად უკეთ წარმოვაჩინოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკა ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ფართო არჩევანია. საქართველოს მოსახლეობა მთლიანად იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს, რაც ალიანსის საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენ ვდგავართ შეუქცევადი და  ყოვლისმომცველი დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ყველა საზოგადოებრივ სექტორში ძირეული რეფორმები გაატარა, რაც აღიარებულია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ნატო-ს მიერ.

1994 წლიდან საქართველო მონაწილეობს ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში", ხოლო 2002 წლის ნატო-ს პრაღის სამიტზე ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ ალიანსში გაწევრიანებისაკენ ჩვენი მისწრაფების შესახებ. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მექანიზმები, რომლებიც ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებაში. ამ კუთხით, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და ვარშავის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის ახალი გზების ეფექტიანი განხორციელება. მხარეების აქტიური ძალისხმევით, არსებითი პაკეტის განხორციელებაში უკვე ჩართულია ნატო-ს ყველა მოკავშირე და რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა. ნიშანდობლივია, რომ ალიანსის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს უკვე გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

როგორც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთგულია საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ და წარმოადგენს ალიანსის საიმედო პარტნიორს. ქართველმა სამხედროებმა, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ნატო-ს ოპერაციებში კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა და ცენტრალურ აფრიკაში.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, საქართველო წარმოდგენილი იყო ყველაზე დიდი სამხედრო კონტიგენტით ავღანეთში ნატო-ს ეგიდით განხორციელებულ „უსაფრთხოების დახმარების საერთაშორისო ძალების" (ISAF-ის) ოპერაციაში. ამჟამად ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (Resolute Support Mission) მონაწილეობს 900-მდე სამხედრო მოსამსახურე, რაც საქართველოს ხდის მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს წვლილის შემტან ქვეყნად. ალიანსის ოპერაციებში ჩვენი ძალების გამოყენების მიზნით, საქართველო ასევე ჩართულია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.

საქართველოს ინტენსიურმა მონაწილეობამ ალიანსის ოპერაციებში მნიშვნელოვნად გაზარდა მისი თავსებადობა მოკავშირე ძალებთან. 2014 წლიდან, საქართველოს, როგორც ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად ქვეყანას, მინიჭებული აქვს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" სტატუსი, რაც ხელს უწყობს ინტეგრაციული პროცესის გაღრმავებას.

საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-სთან ამ საკითხზე წარმოებულ სტრატეგიულ დისკუსიებში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ალიანსის მიერ შემუშავებულ პრაქტიკულ აქტივობებში საქართველოს ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ქვეყანა აფასებს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ.  „დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკის მიმართ ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერას.

მოგიწოდებთ ხშირად ეწვიოთ ჩვენ ვებ-გვერდს. იმედს გამოვთქვამ, რომ დაგეხმარებით სასურველი ინფორმაციის მოძიებაში როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მისიის საქმიანობის შესახებ. მივესალმებით თქვენს შენიშვნებსა და კომენტარებს.


ალექსანდრე მაისურაძე

ელჩი, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი



 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ