ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა

2017 წლის 17 იანვარს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე. ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მოკავშირე ელჩების დონეზე.

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი  უაღრესად დინამიურად ვითარდება და იგი წარმატებით გაგრძელდება 2017 წელს, რასაც ხელს შეუწყობს დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.

სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც განხილულ იქნა 2016 წ. „წლიური ეროვნული პროგრამის" შესრულება.

ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ქვეყანაში 2016 წელს გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ წარმატებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნების  ჩატარებაზე, სასამართლო სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე.

ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაცია.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს რეფორმებში აღმოჩენილი დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

თავის მხრივ, მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიულ რეფორმებში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მიერ ნატო-ში გაწევრიანების მიზნის მიღწევას. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ. ამას გარდა, ალიანსის წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის, კერძოდ, ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში აქტიური ჩართულობისთვის.

ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მოკავშირე ელჩებს გააცნო ქართული მხარის ხედვა შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. კერძოდ, აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე  სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.   დავით დონდუას მიერ ასევე აღინიშნა, რომ ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მთლიანად რეგიონის, ასევე საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას.

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზაობა ამ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

 

   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ