ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი NATO-ს შტაბ-ბინაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყანას, წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

მხარეებმა მომავალი NATO-ს ვარშავის სამიტზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული საშუალება, რათა მოემზადოს საბოლოო გაწევრიანებისათვის. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ NATO შეაფასებს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და  საქართველო-NATO-ს ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების და დღეს სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტების გამო.

"საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.

ცხადია საუბარი შეეხო ვარშავის სამიტის მზადების პროცესს და 26 მაისს NATO-ს  ჯარისკაცების მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში, იმ წვრთნებს, რომელიც NATO-ს ჯარისკაცების მეშვეობით განხორციელდა საქართველოში. შეხვედრისას მომავალ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, ასევე ქართველი ჯარისკაცების უფრო მეტ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა, რომ NATO-ს წვრთნები საქართველოში უფრო ინტენსიურად უნდა ჩატარდეს"- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.


 

 
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ნატო-ს შტაბ-ბინაში
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ