საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 23 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, შედგა საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მაღალი რანგის პირებთან; მათ შორის, NATO PA-ის პრეზიდენტთან, ჯერი კონოლისთან, NATO PA-ის ბიუროს წევრებსა და ალიანსში აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის და ლიეტუვის წარმომადგენლებთან.

ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. აქცენტი გაკეთდა რეგიონში შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უმთავრეს გამოწვევაზე. ხაზი გაესვა, რომ მოსკოვის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად იმეორებს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ სცენარს. საუბარი ასევე შეეხო მოსკოვის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებს.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრებისას მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც კონსტიტუციაში და ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად; პასუხად კი ნატო-მაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები.

ალიანსისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამასთან, აქცენტი გააკეთეს თითოეული ქვეყნის უფლებაზე, გარე ჩარევის გარეშე თავად განსაზღვროს რომელ თავდაცვით ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ხაზი გაესვა, რომ საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ღირებულ და საიმედო პარტნიორს; ასევე აღინიშნა ქვეყნის როლი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.

GNIC ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) საპარლამენტო ანალოგს წარმოადგენს, რომელიც ზედამხედველობას უწევს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე. საბჭოს წევრები არიან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები და საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრები. GNIC როგორც წესი წელიწადში ორჯერ იკრიბება.