საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:


დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს ნატოს სათავო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის. ნატო-საქართველოს დინამიკური ურთიერთობების, სრულყოფილი დღის წესრიგის და, რა თქმა უნდა, ჩვეული ინტეგრაციის გზის განხილვა ყოველთვის დიდი პატივია.

ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამშიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე.

საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ეფუძნება. გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც საქართველოსთვის.

პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების შედეგად. ადგილზე ნატოს საქმიანობის მასშტაბიც იზრდება. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ნატოს წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, თქვენ და მოკავშირეებს მადლობას გიხდით ძალისხმევისა და ერთგულებისთვის.

ნატოსთან ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.

ჩვენ მივესალმებით ნატოს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ.

ასევე მივესალმებით ნატოს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში.

მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს და უფრთხილდება.


მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს პირადი ძალისხმევისთვისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის.

საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, ძალიან გვიხარია თქვენი მასპინძლობა და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სათავო დაწესებულებაში.

ნამდვილად ვაფასებ მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და ალიანსს შორის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ამ თვის დასაწყისში რიგაში შეკრებილმა მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების დასრულებისკენ და ამ ტერიტორიებიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ.

დღეს განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების მატება უკრაინის შიგნით და ირგვლივ. საუბარი გვქონდა ასევე რუსეთის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე.

ვთანხმდებით, რომ არსებობს ფხიზლად ყოფნისა და ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი აგრესია მას [რუსეთს] ძვირი დაუჯდება და სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება.

საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება თავად აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები, ხოლო რუსეთს ამ არჩევანზე იძულების მოხდენის არანაირი უფლება გააჩნია.

უარს ვამბობთ ევროპაში ნებისმიერი გავლენის დაშვებაზე. ეს ისტორიის მონაპოვარია და ასეც უნდა დარჩეს.

ამდენად, ალიანსი გააგრძელებს თავისი პარტნიორებისათვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას. ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საზღვაო აკვატორიაში უზრუნველყოფილი დახმარების, ერთობლივი წვრთნებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ ასევე ქვეყნის შიგნით განხორციელებულ რეფორმებზე და წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ მუშაობა შემდგომშიც გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორში ანგარიშვალდებულებაზე.

ასევე მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან პოლიტიკური განსხვავებულობის საკითხის გადასაჭრელად და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების შესამცირებლად. ალიანსი ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ბოლომდე მიემხრობა, რის შექმნაზეც ასე რუდუნებით მუშაობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გვიხარია თქვენი მასპინძლობა აქ. ძალიან გვახარებს ეს დიდებული პარტნიორობა რომ გვაკავშირებს საქართველოსთან. ასევე, მადლობას გიხდით იმ ძალისხმევისთვის, რასაც საქართველო ამდენი წლის განმავლობაში ახორციელებდა ავღანეთში. თქვენ წილი შეგქონდათ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამა წლის აგვისტოს თვეში ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციაში გვეხმარებოდით.

ჩვენი მისია ავღანეთში არ იყო ფუჭი. ჩვენ ქვეყანაში შევედით საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთიდან არცერთი ტერორისტული აქტი მომხდარა ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ერთად დგომას, რათა არ დავუშვათ ავღანეთის გადაქცევა საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისად.

ეს ცხადყოფს, რომ პარტნიორობა საქართველოსა და ალიანსს შორის ორმხრივია. ერთმანეთს ვეხმარებით და დიდად მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც სხვადასხვა მისიისა თუ ინიციატივის ფარგლებში გაქვთ ალიანსისთვის აღმოჩენილი წლების განმავლობაში.