საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
2021 წლის 25 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომაში მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება.
თავის გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან NGC-ის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის ფონზე.
მოკავშირეებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებსა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. ამასთან, ერთხმად მიესალმნენ აპრილში ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის მიღებას და ხაზი გაუსვეს მისი სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში ლაშა დარსალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დევიდ ვან ვილთან, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან ბეტინა კადენბახთან და ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯონათან პერიშთან. ხსენებულ შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.