საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

22 იანვარს, ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი. 
სხდომის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც 2019 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდაზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე 
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში  ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ განზომილებაზე. მოკავშირეთა მიერ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გაწევრიანებულად. 
ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ, ხაზი გაუსვეს 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები. 
შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეონასთან. ხსენებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები