საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

15 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ ალიანსთან რიგით მე-11, 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამა განიხილა. მხარეებმა, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთავარ პრიორიტეტებზე იმსჯელეს. 
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელშესახები პროგრესი და დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ წლიურ ეროვნულ პროგრამაში ასახული რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და, ამავდროულად, რეალისტურია. ალიანსი მიესალმა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას, მართლმსაჯულების, თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, და აღნიშნა ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით გაგრძელების მნიშვნელობა.
ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატო-ს ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მოკავშირეები, ასევე, მიესალმენ საქართველოსთან  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებას, 
და ხაზი გაუსვეს ვაშინგტონის საგარეო მინისტერიალის შედეგად  მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვბელობას. ამასთან, აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ენერგეტიკის სექტორის განვითარების კუთხით და ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი ევროპული ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.  
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.