საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

26 მარტს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა რიგით მეათე „წლიური ეროვნული პროგრამა“ წარადგინა.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ აღნიშნული დოკუმენტი მიმდინარე წლის 22 მარტს დაამტკიცა.
 
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი და დადებითად შეაფასეს „წლიური ეროვნული პროგრამით“ წარმოდგენილი რეფორმების დღის წესრიგი. დოკუმენტი  შეფასდა, როგორც შედეგზე ორიენტირებული, ამბიციური და ყოვლისმომცველი. მოკავშირეების  მიერ ყურადღება გამახვილდა რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც  უფრო აახლოვებს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან.  
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისა და რეფორმების განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ასევე  იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, როგორც წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და ევროტლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით  გადადგმული ნაბიჯები შესაბამისად იქნება ასახული, როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტებში, ასევე მის ფარგლებში გასამართი შეხვედრების ფორმატებში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და დაგმეს საქართველოს მოქალაქის მკვლელობა. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღირების პოლიტიკის მიმართ.
 
ამას გარდა, ხაზი გაესვა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას.
 
საუბარი აგრეთვე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ   უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ძალისხმევას ჩაერთოს ნატო-ს აქტივობებში რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.