საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების ჩარჩო დოკუმენტი

1. საქართველო და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და მისი წევრი ქვეყნები, შემდგომში მოხსენიებული, როგორც ნატო:

- მოწოდებული არიან რა, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემდგომი გაძლიერებისთვის და ითანამშრომლონ სტაბილური, მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის;

- კვლავ ადასტურებენ რა ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერას საქართველოს სრული დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით;

- გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის ქმედებების გამო, საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ჩათვლით;

- აცნობიერებენ რა სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში საქართველოსთვის ხელშეწყობისა და  ნორმალური სამოქალაქო ცხოვრების, ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ობიექტების აღდგენაში დახმარების ზომების საჭიროებას;  და კვლავ ადასტურებენ რა, რომ საქართველოს აღორძინება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის;

- კვლავ ადასტურებენ რა პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტში და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში ასახული საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერას, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულების ჩათვლით;

- კვლავ ადასტურებენ რა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, კერძოდ კი გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგისა და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და ფასეულობას;

- ითვალისწინებენ რა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს 23-ე მუხლს, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიესალმნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების მიზნით; შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე; გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გადავიდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე; შეთანხმდნენ, დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით; დაავალეს რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გაკეთდეს პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე და შეთანხმდნენ, მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ  საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის საკითხი;

- ითვალისწინებენ რა აგრეთვე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც მათ კვლავ დაადასტურეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, განაგრძონ საქართველოსთან ინტენსიური ჩართულობის პერიოდი, რათა უპასუხონ, დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კითხვებს საქართველოს მიერ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით; 

- ითვალისწინებენ რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებას, ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ;

- აღიარებენ რა ერთობლივი პოლიტიკური, საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბების მეშვეობით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას;

2. იღებენ გადაწყვიტილებას, დააფუძნონ ნატო-საქართველოს კომისია.

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები

3.   ნატო-საქართველოს კომისიას ექნება შემდეგი მიზნები:

3.1.   გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;

3.2. ზედამხედველობა გაუწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას;

3.3.  კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს საქართველოს ბოლოდროინდელი კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრას;

3.4.   ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ნატოში     გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები, მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.

ნატო-საქართველოს კომისიის პრაქტიკული ასპექტები

4. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების, შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების და სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე;

5. ნატო-საქართველოს კომისია გამართავს რეგულარულ შეხვედრებს, რომელთა პერიოდულობა შეთანხმებული იქნება ორმხრივად ელჩებისა და/ან სამხედრო წარმომადგენლების მიერ;

6. აგრეთვე, ნატო-საქართველოს კომისია შეიკრიბება საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას დაემუქრება პირდაპირი საფრთხე, რაც განსაზღვრულია პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტის მე-8 მუხლით;

7. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს და ნატოს შორის შესაძლოა გაიმართოს პოლიტიკური კომიტეტის და ასევე ნატოს სხვა კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების დონეზე, რათა მოიცვას ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები პოლიტიკური კომიტეტის დონეზე მოამზადებს ელჩების დონეზე გასამართ შეხვედრებს;

8. ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, არსებული პროცედურების შესაბამისად, გაზარდოს ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში;

9. ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის, ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, ნებაყოფლობითი შენატანის არსებულ პრინციპზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს სპეციალური ნდობის ფონდი საქართველოში ცალკეული პროექტების განსახორციელებლად.

 

თბილისი, 2008 წლის 15 სექტემბერი