საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში

საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც თავდაცვის ძალების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა გახსნა. ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საქართველოს მიერ სამშვიდობო მისიებში ჩართულობასა და „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ - ის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიმართება.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, საჰაერო მარშალ სერ სტიუარტ პიჩთან. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ნატოს სამხედრო კომიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და ნატოს რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართულობას.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ კლაუდიო გრაციანოსთან გამართა. შეხვედრის დროს ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბრიუსელში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით წარმოებული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომასაც დაესწრო.