საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

2018 წლის 14 დეკემბერ ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის თემაზე.
სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ევროატლანტიკური და გლობალური პარტნიორობის განყოფილების ხელმძვანელი ჯეიმს მაკკი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა მეზურნიშვილი.
მოკავშირეების მხრიდან აღინიშნა, რომ მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა წარმოდგენს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. მათი განცხადებით უკანასკნელ პერიოდში ქართული მხარის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ზოგადად მართლმსაჯულების სექტორის, ასევე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ალიანსის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობაში მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდის მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის, სასამართლოს, პროკურატურის, წინა-სასამართლო პატიმრობის, საპროცესო შეთანხმების, მოწმეთა დაკითხვისა და სისხლის სამართლის კოდექსის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის იმპლემენტაციისა და მეოთხე ფაზის განხორციელების მნიშვნელობას.
ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ამომწურავი ინფორმაციისთვის, დადებითად შეაფასეს საქართველოში ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.