საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქ. რიგაში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ასპირანტი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა.  აღინიშნა, რომ საქართველო არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორი და ხაზი გაესვა მის წვლილს  გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის, ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. 

მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო ერთგულია  ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების და გამოხატავს მზაობას გააგრძელოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში, ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა. 

რიგის მინისტერიალზე მიღებული იქნა სპეციალური ანგარიში ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების  კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები. 

აღნიშნულ მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ალიანსის 2022 წლის სამიტის წინ, სადაც უნდა მოხდეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა გაეჟღერებინა ის მოლოდინები, რაც არსებობს 2022 წლის სამიტთან მიმართებაში. 

საქართველო აქტიურად არის  ჩართული ნატო-ს  2030 სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესში, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სრულფასოვნად იყოს ასახული ამ სტრატეგიაში, რომელიც ნატო-ს მომდევნო 10 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები  ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე  როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც, მათ შორის, გულისხმობს  რეფორმების განხორციელებას, ასევე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ქვეყნის მედეგობის განმტკიცებას.  

მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა მიუთითებს ალიანსის მხრიდან რეგიონის  უსაფრთხოების მაღალ პრიორიტეტულობაზე და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.