საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კახა კუჭავა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

2021 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე და პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა მიმდინარე წლის 14 ივნისს ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, რისთვისაც გენერალური მდივნის მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის მიღება. ხაზი გაესვა მისი სრულად იმპლემენტაციის და პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ კახა კუჭავას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.