საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

2018 წლის  26 ოქტომბერს, ქ.ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე.
კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ წარადგინა მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 
ხსენებულ შეხვედრაზე სოფო ჯაფარიძემ მოკავშირეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებებზე.  კერძოდ, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ  არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. 
სოფო ჯაფარიძემ კომისიის სხდომაში მონაწილე პირებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .
შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა   და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.