საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია ბრიუსელის სამიტზე

  1. ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები და საქართველო შევიკრიბეთ დღეს ბრიუსელში უსაფრთხოების, თავდაცვის რეფორმისა და თანამშრომლობის საკითხების განსახილველად. მოკავშირეებმა მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. მოკავშირეები და საქართველო ხაზს უსვამენ ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალურ მასშტაბს და სიღრმეს. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეულ არსებით პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებისა და მზარდი ეკონომიკური განვითარების, თავდაცვის ინსტიტუტების ეფექტურობის ზრდის და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის სფეროში. საქართველო მზად არის განაგრძოს ამ რეფორმების განხორციელება.
  2. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. მოკავშირეები ძალზე აფასებენ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ, ნატოს საპასუხო ძალებში მის მიერ გაწეულ წვლილს და მნიშვნელოვან კონტრიბუციას მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM). საქართველო ჯარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მისიაში. ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლს და წვლილს ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ძალისხმევა, და ამასთან ერთად, ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა, წარმოაჩენს საქართველოს მზადყოფნას და უნარს, ხელი შეუწყოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.
  3. ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები და საქართველო მიესალმებიან ჩვენს მზარდ პრაქტიკულ თანამშრომლობას, სახელდობრ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ქოლგის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობს ალიანსის ყველა წევრი, ასევე ფინეთი და შვედეთი. SNGP ხელს უწყობს საქართველოს ძალისხმევას თავდაცვის რეფორმების სფეროში, ნატოსთან თავსებადობას და საქართველოს მედეგობას. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს მზადყოფნას განახორციელოს SNGP თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების სრული სპექტრის მასშტაბით. ჩვენ მივესალმებით მიღწეულ საერთო პროგრესს, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა: მენტორული ურთიერთობა ბიდგოშჩის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნის ცენტრს და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის, ასევე ნიშანდობლივია საქართველოს მონაწილეობა წვრთნებში. ნატო და საქართველო მზად არიან შემდგომშიც გააღრმავონ თანამშრომლობა, მათ შორის, 2019 წლის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში, რომლის მხარდაჭერას მოკავშირეები უზრუნველყოფენ თავიანთი ფართო მონაწილეობით. ჩვენ წინ მივიწევთ საქართველოსთან უსაფრთხო კომუნიკაციების შექმნის და კონტრმობილურობის სფეროში ჩვენი მხარდაჭერის ზრდის მიმართულებით. ჩვენ მივესალმებით ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მედეგობაზე ჩვენს შორის მიმდინარე დიალოგს. ჩვენ ვფიქრობთ კიბერ-თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ინტეროპერატიულობა.
  4. ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები აფასებენ საქართველოს ჩართულობას და მის მიერ შეტანილ წვლილს სტრატეგიულ დისკუსიებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების ერთობლივ გათვითცნობიერებაში. ჩვენ ვადასტურებთ ამ კონტექსტში დიალოგის შემდგომი გარღმავების და პრაქტიკული თანამშრომლობის სურვილს, მათ შორის SNGP- ის მეშვეობით. ამ მიმართულებით მთელი რიგი ახალი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ნატოსა და მოკავშირეებისადმი შემდგომი ლოგისტიკური მხარდაჭერის შეთავაზებებს, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების დაწყებას, მათ შორის, საქართველოსა და ნატოს მოქმედი საზღვაო ძალების გაძლიერებულ ურთიერთქმედებას, ზღვაში ერთობლივი წვრთნების მოწყობით და პორტში ვიზიტების ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაციის გაცვლას საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატოს საზღვაო ცენტრს შორის. მოკავშირეები აპირებენ დაეხმარონ საქართველოს საჰაერო და საზღვაო ვითარების ფლობის გაძლიერებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სამომავლო მონაწილეობას ზღვის მცველის ოპერაციაში.
  5. ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მიესალმებიან საქართველოს მიერ თავდაცვის ხარჯების და სრულფასოვანი რეფორმების გატარების მხრივ მიღწეულ პროგრესს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობაუნარიანობის გაძლიერებას.
  6. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მზადყოფნას ნატოში გაწევრიანების მისაღწევად, რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტია, რომელიც სარგებლობს საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერით და ახლა უკვე ქვეყნის ახალ კონსტიტუციაშიც აისახა. მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის მინიჭებით, რაც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია; ისინი ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ისინი მიესალმებიან 2008 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად, კერძოდ, ეს გახლავთ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ რეფორმების მხრივ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია და რაც უნდა გაგრძელდეს, რითაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ხელი შეეწყობა წევრობისთვის მომზადების მხრივ წინსვლაში და რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის და ალიანსთან თავსებადობის უნარს.
  7. ჩვენ, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები კვლავ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას. მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს შემადგენელ - აფხაზეთისა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ მილიტარიზაციას, ისევე როგორც სხვა ქმედებებს, როგორიცაა მავთულხლართების ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობა. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს იქ საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების განხორციელებას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების დაცვას და მოვუწოდებთ რუსეთს გადადგას საპასუხო ნაბიჯები. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ჩართულობისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მოკავშირეები გამოხატავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მტკიცე მხარდაჭერას, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და ხაზს უსვამენ მოლაპარაკებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ხელშესახები შედეგების მიღწევის ძალზე მნიშვნელოვან აუცილებლობას საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
  8. ჩვენი შეხვედრა, რომელიც გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის მეათე წლისთავის აღსანიშნავად, ასახავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების სიღრმეს, მასშტაბურობას და მტკიცე ხასიათს. მომავალში ჩვენ ველით, რომ ნატო-საქართველოს კომისია, NGC კვლავ შეასრულებს ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებაში და საქართველოსა და ალიანსს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაში.