საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. მისი განცხადებით, სხდომაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების  და ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხები, ასევე შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მან უცხოელ კოლეგებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და ის რეფორმები გააცნო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობას გაზრდის მიზნით ხორციელდება. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სტრატეგიულ მზადყოფნაზე ისაუბრა, რაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციას, მზადყოფნის პროგრამასა და  საერთაშორისო სწავლებების გაზრდილ დინამიკას მოიცავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ კომისიის სხდომა შეაჯამა. მისი განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა დემოკრატიული რეფორმების განხორცილების კუთხით და განსაკუთრებით, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი: „თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებებში, რომელიც მარტში გაიმართება. გენერალურმა მდივანმა  მზადყოფნა გამოხატა  ამ სწავლებების ფარგლებში საქართველოში ჩამობრძანდეს. ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატები უფრო მასშტაბური ხდება. ეს ზოგადად იმ მიდგომაშიც გამოიხატება, რასაც ჩვენ სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდეთ.“

კომისიის ფარგლებში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შესახებ იმსჯელეს. „ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ იდეის სახით მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის მომავალი თანამშრომლობის მექანიზმები, რაც გულისხმობს უფრო მეტ ნატოს საქართველოში, უფრო მეტ შესაძლებლობებს ერთობლივი სწავლებებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და  ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის რეალურ მექანიზმებს ქმნის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.